18 дек. 2008 г.

მცხეთა-მეორე იერუსალიმი



ღვინობის თვეში 14 რიცხვისათვის, როცა შემოდგომა ყველაზე მეტად ოქროსფერია, მილეთის ხალხით არის სავსე საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა. აქ ყველაფერი თითქოს ისეა, როგორც ადრე, ისევ ერთვის ერთმანეთს მტკვარი და არაგვი, ისევ დაჰყურებს მცხეთას ჯვრის მონასტერი, ისევ მშვიდად დგას სვეტიცხოვლის ტაძარი. ამ დღეს აქ ყველაზე მეტი სანთელი ინთება, ათასი სავედრებელი წვდება უფალს, ისევე, როგორც ადრე, როცა ამ ადგილას ხის ეკლესიას ჩაეყარა საფუძველი და პირველად გაისმა ლოცვასავით: "საყდარო წმინდაო, სვეტო ნათლისაო, კვართო საღრმთოო."სვეტიცხოველი - ცალკე სამყარო ათასი საოცრებით, იდუმალებით, ფერთა თამაშით, სიწმინდე და მატიანე საქართველოს ქრისტიანობისა, მეხსიერება ქრისტიანი ერისა.
მცხეთა იბერიის სამეფოს ძველი დედაქალაქია. ჩვენს წელთაღრიცხვამდე I ათასწლეულში საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ორი სამეფო: იბერიისა - აღმოსავლეთ საქართველოში და კოლხეთის - დასავლეთში. სწორედ იბერიის სამეფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი მცხეთა რვა საუკუნის განმავლობაში. მცხეთა დიდ საქარავანო გზაჯვარედინზე მდენარეობდა. აქ მოდიოდნენ მეფეები, ელ
ჩები თუ ვაჭართა ქარავნები, მოგზაურები თუ მეისტორიენი. მცხეთის განუმეორებელი სილამაზე - ცაში აჭრილი ქართლის მთები, ვერცხლის სარტყელივით მბზინვარე მტკვარი, ზურმუხტისფერი ტალღებით მომქუხარე არაგვი და ორ მდინარეს შორის სამკუთხედად გაწოლილი მთაგორიანი ადგილი ხიბლავდა ბერძენ, რომაელ, არაბ თუ ჩინელ სტუმრებს, მტრებს თუ მოკეთეებს. მცხეთა ქრისტიანობამდეც ჩვენი ქვეყნის სულიერი ცენტრი იყო, აქ იდგა: არმაზის, ზადენის, გაცის, გაიმის, დანანას და აფროდიტეს კერპები. ამიტომ მცხეთა ძალზე მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით და არქეოლოგიური მონაპოვრებით. ქალაქისა და მისი რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს 200-ზე მეტი არქიტექტურული ძეგლი, რომელთა შორის ცენტრალური ადგილი უჭირავს მცხეთის საპატრიარქო ტაძარს - სვეტიცხოველს. სვეტიცხოველი - ქართული კულტურისა და ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ძეგლი გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი მხატვრულ-არქიტექტურული ღირსებით, დიდებულებით და ჰარმონიულობით, არამედ იმ განსაკუთრებული როლითაც, რომელიც მან ქართველი ერის ისტორიაში შეასრულა.
სვეტიცხოველი ფლობს ქრისტიანული სამყაროსათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და უდიდეს სიწმინდეს - ქრისტეს კვართს. ამ სიწმინდით ქართული ეკლესია ქრისტიანობის სათავეებს უკავშირდება. ტაძრის მშენებლობის პერიოდი დაემთხვა საქართველოს ისტორიის მეტად რთულ ეპოქას. პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა წარმატებებმა განაპირობეს ეროვნული, სულიერი კულტურის, მწერლობის, ფილოსოფიის, ხელოვნების, ოქრომჭედლობის და ხუროთმოძღვრების ფართოდ განვითარება. ხუროთმოძღვრებაში უმაღლეს საფეხურზე ადის ჯვარ-გუმბათოვან ტაძართა არქიტექტურა, რომლის ეროვნულ სტილს სათავეს უდებს მცხეთის ჯვარი. იგი მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მტკვრისა და არაგვის შესართავთან აღმართული მთის წვერზე. ტაძარი აგებულია იმ ადგილას, სადაც, გადმოცემის მიხედვით, წმინდა ნინომ ხის დიდი ჯვარი აღმართა, როგორც სიმბოლო ახალმიღებული სარწმუნოებისა. ამ ჯვარს თაყვანს სცემდნენ არა მარტო ქართველები, არამედ მთელი კავკასიის ქრისტიანები.
ქართლის პირველმა ერისმთავარმა, გუარამ დიდმა (545-586) წმინდა ნინოს მიერ აღმართული ჯვრის მახლობლად "დადვა საფუძველი პატიოსნისა ჯუარისაი", მცირე ეკლესიისა, რომელიც ჯვრის დიდი ტაძრის გვერდით დღემდე დგას.
მცხეთის ჯვართან ერთად აშენდა საქართველოს ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლები: ალავერდი, სამთავისი, სამთავრო, ნიკორწმინდა, მანგლისი, ბაგრატის ტაძარი, იშხანი და მრავალი სხვა. სვეტიცხოველს, ქართული არქიტექტურის ამ შედევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. სვეტიცხოველი, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენდა საქართველოს რელიგიურ ცენტრს, რადგან იგი იყო საპატრიარქო ტაძარი. სწორედ სვეტიცხოველში ხდებოდა საქართველოს მეფეთა და ეკლესიის მეთაურთა კურთხევა, ქართველ უფლისწულთა მონათვლა. აქ კრძალავდნენ ქართველ მეფეებს, დედოფალებს, ბატონიშვილებსა თუ კათალიკოს-პატრიარქებს. მტერთა შემოსევებისას აქ აფარებდა თავს მცხეთისა და მისი შემოგარენის მოსახლეობა.
სვეტიცხოვლის დღევანდელი ნაგებობა XI საუკუნისაა.
ცნობილია, რომ IVს.-ის დასაწყისში, აღმოსავლეთ საქართველოს სამეფომ ოფიციალურად მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება, რის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიაზე მის განსამტკიცებლად დაიწყო ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა. პირველი ქართული ეკლესია კი აიგო მტკვრისა და არაგვის შესართავთან, "წმინდა ჭალაში" ანუ სამეფო ბაღში. იგი აუგიათ პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის მითითებით. ეს ხის ნაგებობა მცირე ზომის ყოფილა.
VI ს.-ის მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს ქართულმა ეკლ
ესიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. მცხეთა უკვე ცხადდება საპატრიარქო რეზიდენციად. პატარა ხის ეკლესია უკვე აღარ შეესაბამებოდა ქრისტიანული რელიგიის როლსა და ავტორიტეტს, რის გამოც, ვახტანგ გორგასლის ბრძანებით, V ს.-ის ბოლოს მის ადგილას ააგეს დიდი ზომის სამნავიანი ქვის ბაზილიკა. ვახტანგ გორგასალს დაუწყია სვეტიცხოვლის მესამედ აშენება 499 წელს. XI ს.-ის დამდეგისათვის საჭირო გამხდარა მისი გადაკეთება.
გორგასლისეული სვეტიცხოვლის საფუძვლიანი მშენებლობა 1010 წელს გიორგი I-ის თაოსნობით და მელქისედეკ კათალიკოსის ლოცვა-კურთხევით დაიწყო. ტაძრის აგება დამთავრდა 1029 წელს. სარკინოზი აბულ-ყასიმი ეძგერა მას პირველად, შემუსრა და აქლემთა თავლად გადააქცია, იგი აღადგინეს, მაგრამ თემურ-ლენგმა დაანგრია ისევ, შაჰ-თამაზმა და შაჰ-აბასმაც მილეწეს მრავალგზის. თითქმის მთლიანად დანგრეული ტაძარი ალექსანდრე პირველმა განაახლა XV ს.-ში და ასე, უძველესი ჩუქურთმებით და მოხატულობით, მოაღწია ჩვენამდე.
სვეტიცხოვლის კედლებს შემოუნახავთ ევასტიათ ანტიოქელის ფრესკა, რომელზეც ჭარმაგი მღვდელ-მთავარი მეფე მირიანს სახარებას გადასცემს და აკურთხებს მცხეთის ტაძარს.
ცნობილია, რომ თემურ-ლენგმა რვაჯერ ილაშქრა საქართველოში. ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მან ააოხრა სვეტიცხოველი, "შეჰკადრა და ბილწითა ხელით ხელჰყო დარღვევად და მოოხრებად სვეტიცხოვლისა შინაგან და გარეთ", - გადმოგვცემს მემატიანე. ეს თავდასხმა მოხდა 1387 წელს, მისი მეორე შემოსევის დროს. მიუხედავად იმისა, რომ სვეტიცხოველს სხვა დროსაც არაერთი დამაქცევარი და შემმუსვრელი ჰყავდა, თემურ-ლენგის მიერ ამ ტაძრის აოხრება ყველაზე ბარბაროსულად ითვლება. მისმა ურდოებმა მარტო ტაძრის გალავანი კი არ მიანგრიეს, გაძარცვეს
ოქროთი მოპირკეთბული ემბაზი, სამალავებში დაცული განძეულობა და ბიბლიოთეკა და გადაწყვიტეს თვით ტაძრის დანგრევაც. ამ მიზნით თემურ-ლენგის ბრძანებით მოანგრიეს სვეტიცხოვლის ბურჯები, მაგრამ ტაძარი არ დანგრეულა, ჩამოიქცა მხოლოდ გუმბათი.
სვეტიცხოვლისადმი დიდი ზრუნვა გამოუჩენია ქართლის მაჰმადიან მეფეს - როსტომს (1632-1638). მას საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარებია დაზიანებული ტაძარისათვის, შეუკეთებია და აღუდგენია გუმბათიც.
ისტორიული წყაროები სვეტიცხოველს სიონად და მოციქულად მოიხსენიებენ. მცხეთაში აგებული ეკლესია - სვეტიცხოვლი - საქართველოსათვის წარმოადგენს "დედას ყოველთა ეკლესიათა" და იწოდება "დიდ სიონად," როგორც იერუსალიმში, სიონის მთაზე მდგარი ტაძარი. აგებული ტაძარი მოიხსენიება "წმინდათა წმინდად."
სვეტიცხოვლის დასავლეთ ფასადის დეკორი ტაძრის ყველაზე რელიეფური და მხატვრულად გაფორმებული ნაწილია, რომელიც თითქმის პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. ფასადის ამაღლებული ნაწილის ფართო დეკორატიული თაღი ნახევარსვეტებს ეყრდნობა. ცენტრალური სარკმლის გარშემო თავმოყრილია მდიდრული ორნამენტული, დეკორატიული მორთულობა. ჩუქურთმა მრავალფეროვანია, ოსტატურად შესრულებული. ვიწრო სიბრტყეებზე მარჯვნივ და მარცხნვ სიმეტრიულადაა გამოსახული დიდი ზომის დეკორატიული ვაზები. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ჩუქურთმის უმდიდრეს რეპერტუარში ვაზი ერთადერთი მცენარეა, რომელიც ინარჩუნებს ინდივიდუალობას. ვაზი ჩვენში კულტად ქცეული მცენარე იყო, ამიტომ ტაძრების დეკორში მისი გამოსახულება საკმაოდ ხშირად ვლინდება. ცენტრში წარმოდგენილია საყდარზე მჯდომი მაცხოვარი (მარჯვენა ხელით აკურთხებს, ხოლო მარცხენა ხელში სახარება უჭირავს). ქრისტეს ორივე მხარეს ანგელოზების ფიგურებია, ერთს სურა უპყრია ხელთ, მეორეს კი - პური ანუ სეფისკვერი. სვეტიცხოვლის ყველა ფასადზე შეინიშნება სამშენებლო ქვის სიჭრელე, რაც ამშვენებს ტაძარს. ფერთა ასეთმა ჰარმონიამ დიდ ქართველ მწერალს, კონსტანტინე გამსახურდიას ათქმევინა: "ამ ტაძრისათვის თვალის შევლება ყოველ დროში სანუკვარია, დილით ხვლიკისფერია იგი, მოუღალავი მზით გაშუქებული, შეღამებისას ოქროცურვილია, ხოლო მწუხრის შემოდგომისას, თუ ვარსკვლავიანმა ცამაც დაადგა თვალი, ცას მიეჭრება ხოლმე მისი მრუდე ჰარმონიით აღვსილი ხაზების ზესწრაფვა."
სამხრეთ ფასადის დასავლეთ მხარეს საინტერესო კომპოზიციაა შემორჩენილი, რომელიც ასე იკითხება: ვაზი - წმინდა მცენარე საქართველოში; წმ. გიორგი კლავს ურჩხულს; ორი მტრედი ერთი ჭურჭლიდან იღებს სულიერ საზრდოს. აქვეა გამოსახული ექვსფრთიანი ანგელოზი და ქრისტეს ჯვარცმა. ცენტრალური თაღის შიგნით სამი ფანჯარაა. თითოეული მათგანი შემკულია მშვენიერი ჩუქურთმით, აქაც მოჩანს ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი -ჩუქურთმის მრავალფეროვნება. ყურადღებას იქცევს აგრეთვე ქვედა მარჯვენა სარკმლის ირგვლივ "სვასტიკის" ნიშანი. ორნამენტი "სვასტიკა" უძველესი დროიდანაა ცნობილი საქართველოში, როგორც მარადიული ცეცხლისა და მარადიული მზის სიმბოლო.
აღმოსავლეთის ფასადი გამოირჩევა ჩუქურთმების მრავალფეროვნებით და მაღალხარისხიანობით. ფასადის დეკორატიულ-თაღოვან სისტემაში, ჩართულია მაღალი სამკუთხა ნიშნები, რომლებიც ხაზს უსვამენ საკურთხევლის კედლის სამ ნაწილად დაყოფას. განსაკუთრებით დამშვენებულია ცენტრალურ თაღს შიგნით მოქცეული არე, მის ზედა ნაწილში მარაოსებრ გაშლილი 12 სხივია მედალიონებით დამთავრებული - ქრისტეს 12 მოციქულის სიმბოლო, რომელთა სახელზედაც აიგო სვეტიცხოველი. მედალიონებზე ამოკვეთილია წარწერა: "ადიდენ ესე წმინდაი ეკლესია, ხელითა გლახაკისა მონითასა არსუკიძისაითა. ღმერთმან განუსვენე სულსა მისსა." ამ წარწერიდან ვიგებთ, რომ ტაძრის მშენებლობის დასრულებისას არსუკიძე უკვე გარდაცვლილი ყოფილა, რადგან მისი სულისათვის განსვენებას თხოულობენ.
ტაძრის დეკორატიულ ელემენტებს ხშირად სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა. ხარის თავების გამოსახულება ამ ფასადზე V ს.-ის სკულპტურული ნაწარმოებია. ხარი უძველესი დროიდანვე წმინდა ცხოველად, მიწათმოქმედების სიმბოლოდ ითვლებოდა. ნაყოფიერების სიმბოლო უნდა იყოს ფასადის ზედა ნაწილში გამოსახული ვაზის მტევნები. რაც შეეხება დანარჩენ რელიეფურ ქანდაკებებს (ორი ანგელოზი მთავარ სარკმელთან, ლომი და არწივი), ერთი მთლიანი კომპოზიციის ნაწილებს უნდა წარმოადგენდნენ. რაც შეეხება ქვედა ნაწილში არსებულ რელიეფურ სახეებს, აქ გამოსახულნი არიან ღვთისმშობელი, ქრისტე და იოანე ნათლისმცემელი. გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში კი მდებარეობს ქვის ორსართულიანი შენობა, რომელიც ადრე წარმოადგენდა XVIIIს-ის ქართველი კათალიკოს-პატრიარქის ანტონ I-ის რეზიდენციას.
ჩრდილოეთ ფასადი ორნამენტულ-ჩუქურთმიანი სამკაულით ნაკლებადაა დამშვენებული. აქ გამოყენებულია დეკორატიული თაღების სისტემა, რომელთაგან ცენტრალური თაღი ამაღლებულია და ამით იგი ხაზს უსვამს ტაძრის სიმაღლეს. (აღსანიშნავია, რომ სვეტიცხოველი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტაძარია საქართველოში.)
ფასადის ზედა ნაწილში გამოსახულია ჯვარი, მის მარჯვნივ - ქრისტე, ხოლო მარცხნივ ამოკვეთილია წარწერა: "იესო ქრისტე, ადიდე მელქისედეკ."
ფასადის ძირში შემორჩენილია ოდესღაც არსებული ნანგრევები, რომლებიც სამლოცველო-განსასვენებლებს წარმოადგენდნენ (მოარღვიეს XIX ს.-ის I ნახევარში რუსული საეკლესიო ხელისუფლების განკარგულებით. მათი მოშლით სვეტიცხოველს ერთი საფეხური დააკლადა და ფასადმა პირვანდელი სახე დაკარგა).
ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე გამოსახულია "მარჯვენა" ასეთი წარწერით: "ხელი მონისა არსუკიძისაი, შეუნდეთ." როგორც ჩანს, ეს მარჯვენა გამოსახეს იმ მიზნით, რომ განედიდებინათ იმ დიდოსტატის უკვდავი ღვაწლი, რომლის ქმნილებამაც ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიო არქიტექტურის გენიალურ ქმნილებათა შორის და რომელიც მშენებლის მიერ უფლისათვის გაწეული ღვაწლის სიმბოლოდ უნდა ჩაითვალოს. სწორედ ხუროთმოძღვარ არსუკისძის უკვდავებას მიუძღვნა კ. გამსახურდიამ ისტორიული რომანი "დიდოსტატის მარჯვენა," რომელშიც გამოყენებულია უძველესი ლეგენდა მკლავის მოკვეთის შესახებ.
რაც შეეხება ტაძრის გალავანს, იგი XVIIIს.-ში აღუდგენიათ ერეკლე II-ის ბრძანებით, რომლის დროსაც აუცილებელი გამხდარა ტაძრისათვის გალავნის შემოვლება, რადგან მცხეთის ირგვლივ მდგარი ციხეები მტერთა ურიცხვი შემოსევების შედეგად დანგრეულა და საჭირო შემთხვევაში თავის მოვალეობას ვეღარ ასრულებდნენ. ამავე დროს, მეტად გახშირებული ყოფილა ლეკთა თარეში და მოსახლეობის თავშესაფრად სწორედ ასეთი დამცველი ნაგებობები ასრულებდნენ დიდ როლს. გალავნის კუთხეში გათხრების შედეგად აღმოჩენილია ნანგრევები. ფიქრობენ, რომ ეს უნდა იყოს XIს.-ის დროინდელი ნაგებობის - მელქისედეკ კათალიკოსის სასახლის ნაშთები.
ტაძარს ერთი ძირითადი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან. ფრესკა კარიბჭის თავზე XIX ს-ისაა. ამ ფრესკაზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, რომლის მარჯვნივ და მარცხნივ მთავარანგელოზები (მიქაელი და გაბრიელი) არიან გამოსახულნი. ტაძარში შესვლისთანავე ჩვენს თვალწინ გადაიშლება სივრცე. მძლავრი თაღები მზერას აღმოსავლეთისაკენ, საკურთხევლისაკენ წარმართავენ. სინათლეც თანდათან მატულობს ცენტრისკენ, სადაც ზეატყორცნილი გუმბათის ყელის ფანჯრებიდან უხვად იღვრება მზის სხივები. შესასვლელშივე, მარჯვნივ ქვის სანათლავი ემბაზია. არსებობს მოსაზრება, რომ იგი ქართლის მოქცევის დროინდელი ე.ი. IVს-ისა უნდა იყოს. ემბაზი იმ პერიოდში ეკლ
ესიის ეზოში უნდა მდგარიყო. სწორედ ამ ემბაზში ინათლებოდნენ ქართველი უფლისწულები. გადმოცემის მიხედვით, ამ ემბაზში მოინათლა პირველი ქრისტიანი მეფე - მირიანი და მისი მეუღლე - ნანა. ემბაზი ადრე მოოქროვილი ყოფილა.
სვეტიცხოველს გააჩნია სამალავები ტაძრის ზედა ნაწილში. ქვემოდან მოჩანს სამალავებში ერთ-ერთი საიდუმლო შესასვლელი, სადაც საფრთხის შემთხვევაში, თოკის კიბით ადიოდნენ, რის შემდეგაც ხატით ფარავდნენ ღრმულს. აღმოსავლეთის მხრიდან საკურთხევლის მარცხენა მხარეს სამალავებში არის სხვა შესასვლელიც საიდუმლო ქვის კიბეებით, რომელსაც გუმბათზე ავყავართ. სვეტიცხოველს მრავლად სწირავდნენ ვერცხლსა და სხვა ძვირფასეულობას, როგორც მეფეები და კათალიკოსები, აგრეთვე რიგითი მორწმუნეებიც.
ჯერ კ
იდევ IVს-ში მირიან მეფემ ტაძრის ასაგებად დათმო თავისი სამეფო ბაღი, ხოლო ქუჯიმ წმინდა ნინოსაგან ქრისტიანობის მიღების შემდეგ სვეტიცხოველს შესწირა სოფელი ბოდბე.
სამხრეთის კედელზე მიშენებულია მინიატურული ეკლესია. ეს პატარა ეკლესია წარმოადგენს იერუსალიმში, გოლგოთას მთაზე, ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე, იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით IV ს-ში აშენებული ეკლესიის არაზუსტ ასლს. იგი აუგიათ იმ ადგილობრივი მორწმუნეთათვის, რომელთაც არ ჰქონდათ საშუალება იერუსალიმში ენახათ ქრისტეს წამების ადგილი. ეკლესია სვეტიცხოველში ააგეს იმიტომ, რომ ქალაქ მცხეთას ეძახდნენ "მეორე იერუსალიმს."
როგორც "ქართლის ცხოვრება" და "მოქცევაი ქართლისაი" გადმოგვცემს, ელიოზი და სხვა ქართველი ებრაელები იერუსალიმში მოწმე გამხდარან იესო ქრისტეს მოკვდინებისა და ამის შემდგ მისი კვართით დაბრუნებულან მცხეთაში. ელიოზს წინ შეგებებია ერთადერთი და - სიდონია, რომელსაც გულში ჩაუკრავს კვართი და იქვე განუტევებია სული. ამის შემდეგ მეფემ, მთავრებმა და ხალხმა თავი მოიყარა ელიოზის სახლში. მეფეს სურდა, მიცვალებულისთვის გამოერთმია მკერდზე მიხუტებული კვართი, მაგრმ ვერ შეძლო და ამიტომ ელიოზმა თავისი და ქრისტეს კვართით ხელში დაკრძალა სამეფო ბაღში. სიდონიას საფლავზე ამოვიდა ლიბანის კედარი. IV ს.-ში, ქრისტიანობის მიღების შემდეგ, მირიან მეფის ბრძანებით, ეს ხე მოჭრეს, რათა სიდონიას საფლავზე აეგოთ ქრისტიანული ეკლესია. მისგან 7 სვეტი დაამზადეს. დაიწყო მშენებლობა. 6 სვეტი აღმა
რთეს კიდეც, მაგრამ მეშვიდე სვეტის ადგილიდან დაძვრა და აღმართვა ვერაფრით შეძლეს. წმინდა ნინომ მთელი ღამე ილოცა სვეტთან მოწაფეებითურთ. ლოცვის შემდეგ მოხდა სასწაული, სვეტი თავისით აღიმართა და მისგან დენა დაიწყო მირონმა, რომელიც "მსწრაფლ კურნავდა სნეულთ". ამის შემდეგ სვეტს ეწოდა "სვეტი ცხოველი" სვეტი სიცოცხლის მომნიჭებელი. აქედან წარმოსდგა თვით ტაძრის სახელიც.
საკურთხევლის აფსიდის ფრესკა ქრისტეს გამოსახულებით თავდაპირველად XI ს-ში ყოფილა შესრულებული, ზედა რეგისტრში გამოსახულია ანგელოზები, ცენრალურ ნაწილში - იესო ქრისტე, გარშემორტყმული ცეცხლოვან ბორბლებზე მჯდომი სერაფიმებით და ქერუბიმებით, ხოლო ქვედა რეგისტრი დათმობილი აქვს ღვთისმშობლის, ქრისტეს მოციქულებისა და იოანე ნათლისმცემლის გამოსახულებებს. კედლებზე გამოსახულნი არიან მთავარანგელოზები - მიქაელი და გაბრიელი. საკურთხევლის კარნიზზე ასომთავრული წარწერაა: "მოსავთა შენთა დამამტკიცებელო ქრისტე ღმერთო, დაამტკიცე ეკლესიაი შენი, რომელი მოიყიდე სისხლითა შენით წმიდითა." ცენტრალური ნავის ჩრდილოეთ მხარეს XVს.-ისა ფრესკაა, თაღის ზემოთ მოცემულია "ხარებისა" და "სულიწმიდით ჩასახვის" სცენები. ცენტრალური ნავის ჩრდილოეთ მხარეს ორი სვეტის შემაერთებელ თაღზე, რომელიც ორ რეგისტრად იყოფა, მედალიონებში გამოსახულნი არიან ისინი, ვინც ეწამა ქრისტიანობისთვის IVს-ის დასაწყისში რომის იმპერატორების - დიოკლეტიანესა და მაქსიმილიანების ბრძანებით.
ჩრდილო-დასავლეთის სვეტის შიდა მხარეზე მოთავსებულია მამაკაცის ფიგურა ცხოველის თავით. ესაა დიდმოწამე ქრისტეფორე, რომელიც III ს-ში ეწამა ქრისტიანობისათვის.
ჩრდილოეთის ორი სვეტის შემაერთებელი წრიული თაღის ზემოთ დარჩენილ სამკუთხედში ერთმანეთის მოპირდაპირედ ორი გამოსახულებაა: ებრაელთა ბიბლიური მეფეები - დავით წინასწარმეტყველი და სოლომონ ბრძენი. ჩრდილოეთის თაღის დასავლეთ სვეტის მოხატულობა ოთხ იარუსადაა დაყოფილი: 1. ქრისტეს ქადაგება იერუსალიმში, მწიგნობარნი და ფარისეველნი. 2. ქრისტე აღადგენს განრღვეულს. 3. სიმბოლური სცენა, რომელსაც, პირობითად, შეიძლება ეწოდოს "ხილული თვალი." 4. ჯვართამაღლების სცენა, რომაელი ქრისტიანი იმპერატორის, კონსტანტინესი და მისი დედის, ელენეს გამოსახულებით.
სვეტიცხოვლის ცენტრალურ ნაწილში, სამხრეთით, დგას თაღოვანი ნაგებობა, რომლის ქვეშ, ისტორიული წყაროების მიხედვით, ქრისტეს კვართია დაკრძალული. ამ ნაგებობაზე, რომელიც XVII ს.-ისაა, ასომთავრული წარწერაა გაკეთებული: "ქრისტე შენისა დიდებისათვის ბრძანებითა ნიკოლოზ კათალიკოსისათა მოვხატე მე, ფრიად ცოდვილმან გულჯავრიშვილმან გრიგოლ სვეტი ესე. ვინც შენდობა ბრძანოთ, თქვენც მოგეტევნოთ ცოდვანი." მოხატულობა წარმოადგენს სცენებს ბიბლიიდან და ქართლის გაქრისტიანებიდან. სამხრეთ კედლის ფრესკა XVIIს-ით თარიღდება. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია ზოდიაქოს ნიშნებიანი კალენდარი. სვეტიცხოველი ერთადერთი ტაძარია საქართველოში, რომელშიც გვხვდება ასეთი კალენდრის გამოსახულება. გარშემო მოხატულია სცენე
ბი დავითის ფსალმუნიდან: "ყოველი სული აქებდით უფალსა." (აქედან ერთ-ერთი სცენა, რომელშიც მოცემულია უფლის დიდება როკვით, გამოყენებულ იქნა თანამედროვე ცეკვა "სამაიას" შექმნისათვის.) პატრიარქის საბრძანისი ამჟამად არ გამოიყენება. დღესდღეობით, კათედრას წარმოადგენს ტაძრის ინტერიერის ცენტრში მოთავსებული სავარძელი. აღარ გამოიყენება აგრეთვე აივნები აღმოსავლეთ-დასავლეთ ნაწილში, რომელიც, როგორც ფიქრობენ, მგალობელთა გუნდისთვის იყო განკუთვნილი. გუმბათის ფრესკა XVII საუკუნისაა. ცენტრში გამოსახულია იესო ქრისტე, რომლის გარშემოც ბერძნული წარწერაა. მარცხნივ კი არის ფრესკა მარიამის გამოსახულებით, რომელიც დგას თავის მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. ფრესკის წინ თვით მარიამ დედოფალია დაკრძალული.
სვეტის ქვემოთ, V ს.-ის ვახტანგ გორგასლისეული სვეტიცხოვლის ნაშთებია, რომელიც აღმოჩენილ იქნა აღდგენითი სამუშაოების დროს და მიუთითებს იმაზე, რომ V ს.-ის ეკლესიის იატაკი უფრო დაბალი იყო. სვეტიცხოველი წარმოადგენდა ქართველ მეფეთა განსასვენებელს. ისტორიული წყაროების მიხედვით ტაძარში დაკრძალული უნდა იყოს ათზე მეტი ქართველი მეფე: დავით ულუ, დემეტრე თავდადებული, გიორგი ბრწყინვალე, სიმონ პირველი და სხვა, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ რამდენიმე საფლავმა მოაღწია. ვახტანგ გორგასალი მეფობდა V ს.-ის II ნახევარში. მან შექმნა ქართლის ერთიანი, ცენტრალიზებული სახელმწიფო, აღკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა, ბიზანტიელთა და ირანელთა თარეში, ბრძოლა გამოუცხადა სპარსულ, მაზდეანურ სარწმუნოებას. მისი მეფობის პერიოდში ქართულმა ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან. ირანელებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს ვახტანგ გორგასალი სასიკვდილოდ დაჭრეს. იგი გარდაიცვალა 502 წელს და დაკრძალეს მის მიერვე აგებულ სვეტიცხოვლის ტაძარში.
აქვეა დაკრძალული მეფე ერეკლე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში მეფობდა XVIII ს.-ის II ნახევარში. იგი დაიბადა ქალაქ თელავში. ერეკლემ და მისმა მამამ, თეიმურაზ მეორემ უკვე XVIII ს-ის შუახანებში შეძლეს ქართლ-კახეთის სამეფოს გათავისუფლება ირანის ვასალური დამოკიდებულებისაგან. დიდი სიყვარულისა და პატივისცემის გამოსახტავად, ხალხმა მას "პატარა კახი" შეარქვა. იგი გარდაიცვალა თელავში 1798 წელს და ქართველმა ხალხმა დიდი პატივით დაკრძალა იგი სვეტიცხოველში.
აქვე განისვენებს ერეკლეს უფროსი ვაჟი, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII, რომელიც სულ ორი წლის განმავლობაში მეფობდა. იგი გარდაიცვალა 1800 წლის დეკემბერში.დანარჩენი საფლავები წარმოადგენს ქართველ მეფეთა ახლო ნათესავების განსასვენებელს.
ტაძარს, უკანასკნელად საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარდა XXს-ის 60-იან წლებში. აღადგინეს ტაძრის ეზოში შესასვლელი ცენტრალური კარიბჭე, ე.წ. "მელქისედეკის ჭიშკარი." გალავნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აღმოაჩინეს მელქისედეკის სასახლის ნაშთები, ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებთან - მონგრეული მინაშენების ნაშთები; გამოცვალეს ტაძრის იატაკი და მეფეთა საფლავების ფილები, იპოვეს IV და V საუკუნეების ეკლესიათა ნაშთები, აღმოაჩინეს XI ს-ის ნატიფი ბურჯები და თაღები. 2000-2001 წლებში სვეტიცხოვლის ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდა ანტიკური პერიოდის აკლდამა, სადაც არქეოლოგებმა ნახეს ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, რკინის, მინის და სხვა მინერალებისგან დამზადებული ნივთები.
ამათ გარდა, სვეტიცხოველში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ბევრი რამ შეიძლება აღმოჩნდეს, ასე რომ, სვეტიცხოველი კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს.
"არ არის საქართველოში სიწმინდე, რომელიც გაუტოლდება სვეტიცხოველს სიძველით, სიდიადით, ისტორიული მოგონებებით და ღვთიური განგებულებით."
"მრავალი ღირსშესანიშნავი სიწმინდეა საქართველოში, მაგრამ სვეტიცხოველს ყოველი ქართველისათვის, განსაკუთრებულად მიმზიდველი, ცხოველმყოფელი ძალა აქვს. ეს იმიტომ, რომ სვეტიცხოველთან ერთად IVს-ში იშვა ქართველი ხალხის ახალი ქრისტიანული ცხოვრება."
და ბოლოს, ალბათ საოცარი მადლი უნდა გფარავდეს, რომ დროს აჯობო, მიწისძვრებს გაუძლო, მტერს ათასჯერ გაუმკლავდე და იდგე მდუმარედ, ამაყად. გქონდეს უამრავი სათქმელი, დიდი წარსული, არ გელეოდეს მრევლი და შენს კედლებში პოულობდნენ შვებას გაჭირვებულნი. რამდენი ლეგენდა და სასწაული შემოინახა დრომ თორმეტი მოციქულის სახელზე აგებულ სვეტიცხოვლის ტაძარზე, რომელსაც იმთავითვე სასწაულმოქმედის სახელი ჰქონდა დამკვიდრებული: "სნეულნი მოვიდეს და განიკურნებოდეს, ვიდრემდის მეფემან შეუქმნას საბურველი ძელისა გარემოს სვეტისა მას და დაფარა სევდისაგან."

1 комментарий:

რუსუდან ფიფია-ისტ მენენჯერი комментирует...

წაიკითხეთ და დატოვეთ კომენტარები