01 марта 2009 г.


3 მარტი - მწერლის მსოფლიო დღეა

3 მარტს საერთაშორისო პენ-კლუბის 48-ე კონგრესის გადაწყვეტილებით მწერლის მსოფლიო დღე აღინიშნება. 48-ე კონგრესი 1986 წლის 12-18 იანვარს გაიმართა. პენ-კლუბი 1921 წელს დაფუძნდა.
ორგანიზაციის დასახელება, რომელიც სიმბოლურად ემთხვევა ინგლისურ სიტყვას ”pen” (კალამი) - სინამდვილეში არის აბრევიატურა, რომელიც შედგება ინგლისური სიტყვების - poets (პოეტები), essayists (ესეისტები), novelists (რომანისტები) - პირველი ასოებისგან.
პენ-კლუბის შექმნის იდეა ეკუთვნის ინგლისელ მწერალს კეტრინ ემი დოუსონ-სკოტს. პენ-კლუბის პირველი პრეზიდენტი იყო ჯონ გოლსუორსი. 1923 წელს ჩატარდა პენ-კლუბის პირველი საერთაშორისო კონგრესი ლონდონში. მაშინ პენ-ცენტრები მსოფლიოს 11 ქვეყანაში შეიქმნა. დღეს მსგავსი ცენტრები 130 ქვეყანაში მოქმედებს.
მწერლების ეს საერთაშორისო გაერთიანება, როგორც პენ-კლუბის ქარტიაშია მითითებული, ”იცავს ინფორმაციის თავისუფლების პრინციპებს ყველა ქვეყანაში და ქვეყნებს შორის. მისი წევრები ვალდებული არიან, გამოვიდნენ ნებისმიერი ფორმით სიტყვის თავისუფლების დათრგუნვის წინააღმდეგ იმ ქვეყნებში და იმ საზოგადოებაში, რომელსაც ისინი განეკუთვნებიან, ასევე მთელს მსოფლიოში, როცა ეს შესაძლებელია. პენ-კლუბი იცავს ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლებას და წინააღმდეგია თვითნებური ცენზურისა მშვიდობის პირობებში. პენ-კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური წყობის უფრო მაღალი ფორმებისკენ კაცობრიობის წინსვლისთვის აუცილებლად უნდა არსებობდეს მთავრობის, მართვის ორგანოებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების თავისუფალი კრიტიკის შესაძლებლობა.

05 февр. 2009 г.

მოკლე ტექსტური შეტყობინებები


მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი ანუ SMS (Short Message Service), ფიჭური ტელეფონით მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა-მიღების საშუალებას იძლევა. ფართო გაგებით SMS აღნიშნავს თავად მოკლე ტექსტურ შეტყობინებასაც. დღეისთვის ამ სერვისით სარგებლობა პერსონალური კომპიუტერითაცაა შესაძლებელი. იგი განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებს შორის, სატელევიზიო გადაცემებსა და ხმის მიცემის პროცესებში.

ისტორია
მობილური ტელეფონის მომხმარებელთათვის ტექსტური შეტყობინებების შეთავაზების იდეა 1980-იანი წლების დასაწყისში ბევრ მობილურ ოპერატორს ჰქონდა. SMS ძირითადად განიხილებოდა, როგორც მობილური ოპერატორისგან მომხმარებელთა გაფრთხილების საშუალება, მაგალითად ხმოვანი შეტყობინების მიღებისას. თუმცა მაშინ თითქმის არავინ ფიქრობდა, რომ ეს ახალი სერვისი თავად მომხმარებელთა შორის ტექსტურო შეტყობინებების გაგზავნის საუკეთესო გზა გახდებოდა.
1985 წლის თებერვალში, მას შემდგე რაც GSM-ის ქვეჯგუფ WP3-ში ჩატარებული განხილვის შედეგად SMS მიჩნეულ იქნა ახალი ციფრული ფუჭვური სისტემის შესაძლო სერვისად, დასკვნის სახით შემუშავდა GSM-ის რეკომენდაცია "TeleServices supported by a GSM PLMN.", სადაც მოცემული იყო სამი ახალი სერვისის აღწერა:
Short message Mobile Terminated (SMS-MT)/ Point-to-Point: ქსელის უნარი გადასცეს მოკლე ტექსტური შეტყობინება მობილურ ტელეფონს. შეტყობინება შეიძლება გაგზავნილ იქნას როგორც ტელეფონიდან ასევე კომპიუტერული აპარატით.
Short message Mobile Originated (SMS-MO)/ Point-to-Point: ქსელის უნარი გადასცეს მობილური ტელეფონებიდან ერთმანეთისადმი გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეყობინებები. შეტყობინება შეიძლება გაგზავნილ იქნას მობილურ ტელეფონსა ან კომპიუტერულ აპარატზე.
მოკლე ტექსტის დაგზავნის სიები (რამდენიმე აბონენტისთვის ტექსტის ერთდროულად გაგზავნა).
აღნიშნულ საკითხზე მუშაობა დაევალა GSM-ის ახალ ჯგუფს, IDEG-ს (the Implementation of Data and Telematic Services Experts Group), რომელმაც ახალი სერვისი დაიწყო 1987 წელს ფრედჰელმ ჰილბრანდის ხელმძღვანელობით. დღეისთვის არსებული ტექნიკური სტანდარტები უმეტესწილად სწორედ IDEG-ის მიერ იქნა შექმნილი.
პირველი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნილ იქნა GSM-ის ქსელით კომპანია Vodafone-ის მიერ ინგლისში 1992 წლის 3 დეკემბერს, ნეილ პეიპვორსის მიერ (პერსონალური კომპიუტერის გამოყენებით) რიჩარდ ჯარვისისადმი. შეტყობინების ტექსტი იყო "Merry Christmas".ხოლო მობილურ ტელეფონზე აკრებილი პირველი SMS-ი 1993 წელს გაგზავნა სტუდენტმა რიკუ პიკონენიმ. თავიდან SMS-ის მომხმარებელთა რიცხვი ძალიან ნელა იზრდებოდა. 1995 წელს თვეში GSM-ის ერთ მომხმარებელზე საშუალოდ 0,4 შეტყობინება იქნა აღრიცხული. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ თაღლითობების თავიდან ასაცილებლად ოპერატორები სისტემას ძალიან ნელა ტვირთავდნენ. დროთა განმავლობაში ეს შეფერხება ამოფხვრილ იქნა და 2000 წლისათვის ერთ მომხმარებელზე შეტყობინებათა რიცხვმა 35-ს მიაღწია,ხოლო 2007 წელს 1 იანვარს მარტო ინგლისში ყოველ საათში 9 მილიონი მოკლე ტექსტური შეტყობინება იგზავნებოდა .

SMS-ის უპირატესობები
სმს-ის ამგვარი პოპულარობა კომუნიკაციის სხვა ფორმებთან შედარებით მის შემდეგ უპირატესობებს ემყარება:
შეტყობინება, როგორც წესი, რამდენიმე წამში აღწევს ადრესატამდე. გამგზავნს კი შეუძლია მიიღოს SMS-ის ადგილზე მისვლის დამადასტურებელი მოხსენება.
შეტყობინების გაგზავნა შესაძლოა მაშინაც კი, როცა ადრესატის ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან. როგორც კი ადრესატი ხაზზე გამოვა, შეტყობინება მიეწოდება. გამგზავნი კი ამ დროს მიიღებს მოხსენებას, რითაც შეიტყობს ადრესატის ხაზზე გამოსვლის შესახებ.
SMS-ის გაგზავნა შეიძლება მაშინც, როცა ადრესატი ტელეფონით საუბრობს.
ზარის გამორთვის შემთხვევაში SMS-ის მიღება შეიძლება გარშემომყოფთათვის შეუმჩნეველი დარჩეს.
SMS არ მოითხოვს დაუყოვნებელ პასუხს.

ტექნიკური დეტალები-ფუნქციონირება
მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისის ფუნქციონირება შემდეგი სახით ხდება: შეტყობინებები იგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებების სერვისის ცენტრში (SMSC), რომელიც, თავის ხრივ, გადასცემს მას ადრესატს. თუკი ადრესატი მიუწვდომელია, შეტყობინებები ინახება ცენტრში და მოგვიანებით იგზავნება. ზოგ SMS ცენტრს შეტყობინებათა შენახვის ფუნქცია არ გააჩნია. მომხმარებელს საშუალება აქვს მოითხოვოს ასევე შეტყობინების გადაცემის მოხსენება, რომელიც ამცნობს მას SMS-ის ადრესატამდე მისვლის ფაქტს.
იმისათვის, რომ ტელეფონმა შეძლოს SMS-ის მიღება/გაგზავნა საჭიროა მიეთითოს მობილური კავშირის SMS ცენტრის ნომერი. უმეტეს შემთხვევაში ეს ნომერი უკვე ჩაწერილია SIM ბარათზე და ხელით მისი ჩაწერა აღარაა საჭირო.
შემომავალი შეტყობინებები ინახება სპეციალურ სიაში, რაც მომხმარებელს სურვილის შემთხვევაში მათი ხელახალი გადაკითხვს საშუალებას აძლევს. ზოგიერთი მოდელის ტელეფონი ამ სიას SIM-ბარათზე იახავს და ამდენად, შენახულ შეტყობინებათა რაოდენობა შეზღუდული აქვს . უფრო თანამედროვე მოდელები შეტყობინებებს აპარატის მეხსიერებაში ინახავენ და ამ შემთხვევაში, მათი რიცხვი ტელეფონის მეხსიერებაზეა დამოკიდებული. არსებობს ასევე ცალკე სიები მიღებული და გასაგზავნი შეტყობინებებისათვის.
მობილურ ტელეფონზე შეტყობინების ასაკრებად, როგორც წესი, გამოიყენება ტელეფონის ციფრული კლავიატურა. ტექსტის დაწერა ხორციელდება კლავიშზე რამდენჯერმე დაჭერით საჭირო ასოს აკრებამდე. ზოგიერთი მოდელის ტელეფონებს ანბანურ-ციფრული კლავიატურა გააჩნიათ, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს ტექსტის დაწერას.

ტექსტის ზომა
ტექსტი შეიძლება შედგებოდეს ანბანურ-ციფრული სიმბოლოებისგან. GSM-ის სტანდარტით შეტყობინების მაქსიმალური ზომა 140 ბაიტია. აქედან გამომდინარე, 7-ბიტიანი კოდირების გამოყენებისას (ლათინური ანბანი და ციფრები) შესაძლოა 160 ნიშნიანი შეტყობინების გაგზავნა. 8-ბიტიანი კოdირების შემთხვევაში (გერმანული, ფანგული ენა) 140 სიმბოლოთი შედგენილი ტექსტის გაგზავნაა შესაძლებელი, ხოლო 16 ბიტიანი კოდირება (ჩინური, არაბული, რუსული და ა.შ) ერთი სმს-ით მხოლოდ 70 სიმბოლოს გაგზავნის საშუალებას იძლევა.
სტანდარტში ასევე გათვალისწინებულია სეგმენტირებული შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობა. ამგვარად, მომხმარებელს გრძელი ტექსტის გაგზავნის საშუალება ეძლევა. ხშირად სატელეფონო აპარატები შეტყობინებათა სეგმენტების რაოდენობას თავად ზღუდავენ (3 ან 5 სეგმენტი). ზოგ აპარატს კი სეგმენტირების ამგვარი შესაძლებლობა საერთოდ არ გააჩნია, ამგვარი აპარატები თითოეულ მიღებულ სეგმენტს ცალკე შეტყობინების სახით აჩვენებს. ჩვეულებრივ, თითოეული სეგმენტიის ფასი იგვეა რაც ცალკე შეტყობინების.
საქართველში SMS-ები ძირითადად ლათინური ასოებით იწერება. ამის მიზეზია ის, რომ აპარატთა უმრავლესობას არ გააჩნია ქართული უნიკოდის მხარდაჭერა. თუმცა ასეთი მხრდაჭერის არსებობის შემთხვევაშიც ლათინური ასოების მოხმარების უპირატესობა ის არის, რომ ამ დროს უფრო მეტი სიმბოლოს გამოყენებაა შესაძლებელი და, ამგვარად, უფრო გრძელი შეტყობინების გაგზავნა.
ინგლისურენოვან ქვეყნებში სიმბოლოთა ეკომიის მიზნით ხშირად იყენებენ აბრევიაციებს, სილაბოგრამებს, კონსონანტურ ჩონჩხს და ა.შ. აქედან გამომდინარე ენათმეცნიერებში სულ უფრო ხშირია საუბარი მეტყველების ახალი ტიპის, ე.წ. SMS მეტყველების აღმოცენების შესახებ.

მობილური მარკეტინგი
დღეისთვს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მობილური მარკეტინგი, რაც გულისხმობს მოკლე ტექსტური შეტყობინებების მასიურ დაგზავნას. ამ ხერხს ხშირად მიმართავენ კომპანიები თავიანთ კლიენტებთან ურთიერთობისათვის, მათთვის ახალი სერვისების შესათავაზებლად და ა.შ.

31 янв. 2009 г.

ალავერდი


ალავერდი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი და საკათედრო ტაძარი, ალავერდის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის რაიონი), თელავიდან 20 კმ-ზე.
ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.

ისტორია

ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენრები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები.
ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა. მისი ქვედა სართული - დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-VII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა. 1615 ახლო პერიოდშია აგებული ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობეიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა. თავდაპირველად ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი ლიტერატურული საქმიანობის მძლავრი კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მ.შ. ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვები.

არქიტექტურა

ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7x26,4, სიმაღლე 50 მ-მდე). შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთს ტოლი მკლავი ნახევარწრიული აბსიდებით მთავრდება და ქმნის ე. წ. ტრიკონქს. დასავლეთის მკლავი წაგრძელებულია, აქვს გვერდის ნავები. საკურთხევლის აბსიდის ორსავე მხარეს მოთავსებულია სამკვეტლოს და სადიაკვნეს ოთახები. გარედან შენობას სწორკუთხა მოხაზულობა აქვს. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ოთხ ბურჯს ეყრდნობა. ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით ტაძარს ღია გალერეები ჰქონდა, რომლებიც XIX საუკუნის დასაწყისში დაუნგრევიათ. ამ სამ მხარეს არის მოთავსებული ტაძრის შესასვლელებიც. შიდა სივრცე გამოირჩევა გრანდიოზულობითა და დახვეწილი პროპორციებით. ინტერიერს კარგად ანათებს ფართო კარ-სარკმელებიდან უხვად შემოსული სინათლე (გუმბათს 16 სარკმელი აქვს). მონუმენტური ფასადები ძუნწად არის მორთული (ეს კახეთის ძეგლების საერთო თავისებურებაა). დამახასიათებელია აღმოსავლეთი ფასადის აგებულება - ხუთი დეკორატიული თაღი და ორი ღრმა სამკუთხა ნიში.
ტაძარი უმთავრესად გარე და შიგა პირი კი მოპირკეთებულია შირიმის მოზრდილი კვადრებით. ნაგებობა გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი, შემორჩენილია აგრეთვე წარწერები.
ალავერდობა, (დღესასწაული), მოსავლის დღეობა, დაკავშირებული ჭირნახულის მოწევასა და დაბინავებასთან. იმართებოდა ალავერდის ტაძრის კარზე, ალავერდის მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელზე. იწყებოდა 29 სექტემბერს და გრძელდებოდა სამ კვირას. სამსაფეხურიანი ციკლი (თავი ალავერდობა, შუა ალავერდობა და ბოლო ალავერდობა) უკავშირდებოდა წინაქრისტიანულ რწმენა-წარმოდგენებს, კერძოდ, მთვარის კულტს. ალავერდობაზე ღამის თევით მოდიოდნენ მლოცველები გარეკახეთიდან, ქიზიყიდან, ერწო-თიანეთიდან, ფშავ-ხევსურეთიდან, აგრეთვე მეზობლად მოსახლე ქისტები, დაღესტნელები და ელები.

ალავერდობა

ალავერდობასთან დაკავშირებული იყო ტრადიციული ბაზრობა, რომელმაც XIX საუკუნის II ნახევრიდან ფართო ხასიათი მიიღო. გასაყიდად შემოჰქონდათ სამრეწველო საქონელი, შინამრეწველო ნაწარმი, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების პროდუქტები. ალავერდობა გადმონაშთის სახით დრესაც არის შემორჩენილი.



23 дек. 2008 г.

თოვლის ბაბუა



საქართველოში - მითიური ადამიანის სახის არსება, რომელიც ასოცირდება ახალ წელთან. წარმოადგენს ბავშვების ერთ-ერთ უსაყვარლეს ზღაპრისა და რეალურ გმირს. როგორც ბავშვებს სწამთ, ახალი წლის ღამეს კეთილი თოვლის ბაბუა ჩამოვა მთიდან და უამრავ საჩუქრებს, ტკბილეულს და სხვადასხვა სასუსნავს ჩამოუტანს. როგორ წესი, თოვლის ბაბუას (პაპას) გამოსახავენ კეთილი მოხუცის სახით, რომელსაც აქვს გრძელი თეთრი წვერი, მოსხმული აქვს ნაბადი (შავი ან თეთრი ფერის) ცალ მხარზე კი საჩუქრებით სავსე ხურჯინი აქვს გადაკიდებული.

ქართული ვაზი


ვაზი

ვაზი (Vitis), მცენარის
გვარი ვაზისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 70-მდე სახეობას, რომლებიც უმთავრესად დედამიწის თბილი და ზომიერი ჰავის ქვეყნებშია გავრცელებული. ბუნებრივად მოზარდი ვაზი მხვიარაა, საყრდენს ულვაშებით ანუ პწკლით ემაგრება, აქვს ყავისფერი ქერქი, რომელიც ზოლ-ზოლად სცილდება.

გამრავლება

ვაზის ფესვი წიპწით (თესლით) გამრავლებისას მთავარღერძიანია, მთავარი ფესვი შემდეგ ივითარებს დამატებით ფესვებს. რქით გამრავლებისას მუხლის არეში მრავალი ფესვი წარმოიქმნება. ვაზი შეიძლება იყოს ბუჩქისებრი ანუ უშტამბო და შტამბიანი. შტამზე განლაგებულია მრავალწლიანი ტოტები ანუ მხრები და ერთწლიანი რქები და ყლორტები. ვაზის რქაზე, ფოთლის ყუნწის იღლიაში, მოთავსებულია რთული აგებულების კვირტი, რომელიც ძირითადი და შემცვლელი კვირტებისაგან შედგება. მრავალწლიან ღეროზე ვითარდება მძინარე კვირტი.

ვეგეტაცია

ვეგეტაციის პერიოდში ვაზის ყლორტზე წარმოიქმნება დამატებითი ყლორტი ანუ ნამხარი, რომელიც შედარებით სუსტად იზრდება. პწკალი ვაზის დასამაგრებელი საშუალებაა. იგი ყლორტზე, ფოთლის მოპირდაპირე მხარეს მე-3-მე-5 მუხლიდან ვითარდება. ვაზის ფოთოლი მომრგვალო, ოვალური, გულისმაგვარი ან კვერცხისებრია; დაუნაკვთავია ან 3-5 -ნაკვღიანი, იშვიათად მრავალნაკვთიანია (შასლა ოხრახუშისებრი), ფოთლის ფირფიტისა და ყუნწის ამონაკვთები ღია ან დახურულია და მრავალი გარდამავალი ფორმა აქვს. ფირფიტის ნაპირებზე სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის კბილებია. ჯიშის მიხედვით შეიძლება ფოთოლი იყოს ბრტყელი, ღარისებრი, ძაბრისებრი, ქვემოთ ან ზემოთ ნაპირებშეკეცილი და სხვა. ფირფიტა შეუბუსავი ან შებუსულია, ხშირად სქელი, ქეჩისებრი ბუსუსით, ფერად ღია ან მუქი მწვანეა, მოწითალო ან მოყვითალო ელფერი და ლაქები აქვს. ყვავილი წვრილია შეკრებილი საგველა ყვავილედად, ორსქესიანი ან ფუნქციურად ცალსქესიანი (ქვევით დახრილი უნაყოფო მტვრიანებით ან განუვითარებელი ბუტკოთი).
ყვავილის ნაწილებია: ჯამი, გვირგვინის ფურცლების, მტვრიანები
და ბუტკო. ჯამი განუვითარებელია, გვირგვინი - ხუთფურცლიანი. მტვრიანები ძირითადად ხუთია. ვაზის ნაყოფი ორბუდიანი, წვნიანი, სხვადასხვა ფერის მარცვალია. მტევანი შეიძლება იყოს პატარა, საშუალო ან დიდი; ცილინდრული, ცილინდრულ-კონუსური, კონუსური, ფრთიანი, უფორმო ან განტოტვილი; ძალიან თხელი, საშუალო სიკუმსის, კუმსი და ძლიერ კუმსი; მარცვალი მრგვალი, მომრგვალო, ოვალური, კვერცხისებრი, მოგრძო ან გრძელია, ფერად ღია მწვანე, მწვანე, ღია ვარდისფერი, მუქი ვარდისფერი, მოყვითალო-ქარვისფერი, მოწითალო-ქარვისფერი, მოწითალო-ღვინისფერი, მონაცრისფრო ან შავ ფერში გარდამავალი მუქი ლურჯი. წიპწა მარცვლის შუაშია (1-4 ცალი). წიპწის ნაწილებია: ნისკარტი, ქალაძა და მუცლის ღარები. წიპწა შეიცავს ცილოვან ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროა მცენარის ჩანასახის განვითარებისათვის.

ვაზის ვეგეტაცია

ვაზი ყვავილობს მაის-ივნისში; ნაყოფი აგვისტო-ოქტომბერში მწიფდება. თბილი, ზომიერი და კონტინენტური ჰავის პირობებში ვაზის სასიცოცხლო ციკლი პასიურ და აქტიურ ხანად იყოფა. პასიური ხანა ფოთლების დაცვენით იწყება და ადრე გაზაფხულზე ვაზის გაღვიძებით მთავრდება. აქტიურ ხანად ითვლება მცენარეში წვენის მოძრაობის დაწყება, რომელიც შემოდგომაზე ფოთოლცვენით მთავრდება. აქტიური ხანა ანუ ვეგეტაციის პერიოდი მოიცავს 6 ფაზას:
ვაზის ტირილიდან კვირტის გაშლამდე;
კვირტის გაშლიდან ყვავილობამდე;
ვაზის ყვავილობა;
ნაყოფის გამოხორბლიდან მომწიფებამდე;
სიმწიფე;
ფოთოლცვენა.
საქართველოში

საქართველოში ვაზის კვირტის გაშლა მარტის ბოლოს იწყება და 45-55 დღე გრძელდება. ვაზის ყვავილობა 15°C-ზე იწყება (მაისის ბოლოს ან ივნისის პირველ დეკადაში) და 25-30°C-ის დროს ინტესიურად მიმდინარეობს. მისი ხანგრძლივობა 10-12 დღეა. ვაზის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა საქართველოში 225-260 დღემდე აღწევს. ვაზზე მოქმედი ბუნებრივი ფაქტორებიდან აღსანიშნავია: ტემპერატურა, ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური შედგენილობა, სიმაღლე ზღვის დონიდან, ნაკვეთის ექსპოზიცია და სხვა. ვაზის ზრდა-განვითარება 8°C-ის ქვევით ჩერდება, 25-30°C-ზე ნორმალურად მიმდინარეობს, ხოლო 40°C-ის ზევით კვლავ წყდება. ვაზის ჯიშების უმრავლესობა - 14-15°C ყინვას იტანს, ზოგი - 40°C-ის პირობებშიც კარგად ვითარდება (ამურის ვაზი).
საქართველოში ვაზის სამრეწველო ნარგავები ზღვის დონიდან 600-700 მ-მდეა გავრცელებული. მაღლობ ადგილებში ვაზის საადრეო ჯიშებს აშენებენ (ქართული საადრეო, ხალილი,
ინო), დაბალ ზონაში - სიმწიფის საშუალო პერიოდის ან საგვიანო ჯიშებს (რქაწითელი, საფერავი, ცოლიკოური). ვაზის საერთო განვითარება, მოსავლის რაოდენობა და ხარისხი დიდად არის დამოკიდებული ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიურ შედგენილობაზე. ამიტომ ნიადაგისა და ჯიშების შერჩევა-გაშენება პროდუქციის სპეციფიკის მიხედვით ხდება. ვაზისთვის კარგია კორდიან-კარბონატული, ალუვიური, ქვაღორღიანი და ქვიშნარი ნიადაგები. ვაზი მაღალხარისხოვან ყურძენს სამხრეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთის ექსპოზიციის ფერდობზე იძლევა. ვაზს ამრავლებენ თესლით (ახალი სელექციური ჯიშების მისაღებად) და ვეგეტატიურად - კვირტით, რქით, გადაწიდვნით, მყნობით. ფილოქსერისაგან დასაცავად ვაზს ამყნობენ ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეზე. ნამყენი სპეციალურ სანერგეში გამოჰყავთ, სამუშაო პროცესების რაციონალურად ჩასატარებლად და ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად ვაზს შპალერული წესით აფორმებენ. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს აგროტექნიკურ ღონისძიებების დროულ ჩატარებას, კერძოდ, ინტენსიური ზრდის შესაჩერებლად ვაზს სისტემატურად უნდა აცლიდნენ ნამხარს, თავს და სხვა; ნიადაგის მოვლის ღონისძიებებიდან აღსანიშნავია სარეველეების მოსპობა, გაფხვიერება, რწყვა და სხვა.

დაავადებები

ვაზის ძირითადი დაავადებებია: ჭრაქი (მილდიუ), ნაცარი (ოიდიუმი), ურძნისთეთრი, ნაცრისფერი და შავი სიდამპლე; მავნებლები: ფილოქსერა, ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა, ბალიშა ცრუფარიანები, იმერულა ჭიჭინობელა, კვირტის ჭია (ბუკნა), ვაზის ფოთოლხვევია, ხვატარები, ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა, ქართული ტკაცუნა (მავთულა ჭია), მახრა, აბლაბუდიანი ტკიპა და სხვა, რომელთაგან ნაწილი მევენახეობის თითქმის ყველა რაიონშია გავრცელებული, ნაწილი - ზოგიერთში. ისინი აზიანებენ ვაზის ფესვს, ყლორტს, კვირტს, ყურძნის მარცვალს და კლერტს. ზოგიერთი დაავადება და მავნებელი მასობრივადაა გავრცელებული, ამიტომ მათ წინააღმდეგ ბრძოლა სისტემატურად უნდა ტარდებოდეს; ზოგიერთი კი ცალკეულ წლებში იჩენს ხოლმე თავს და მოითხოვს რადიკალური ღონისძიებების ჩატარებას.

ჯიშები


ყურძენი, გერმანული ჯიში


ცნობილია ვაზის 4000-მდე ჯიში, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ბოტანიკური, აგრონომიული და სამეურნეო ნიშან-თვისებებით. მათი კლასიფიკაციის დროს ითვალისწინებენ ზრდის სიძლიერეს (სუსტი, საშუალო, ძლიერი და მეტად ძლიერი), ყურძნის შეფერილობას (თეთრი, ვარდისფერი, წითელი და სხვა), სიმწიფის პერიოდს (საადრეო, საშუალო, საგვიანო და ძლიერ საგვიანო), მოსავლიანობის (მცირე-, საშუალო-, უხვმოსავლიანი) და სამეურნეო მიმართულებას (სასუფრე, საღვინე, საკონიაკე, საშამპანო, ყურძნის წვენის, კონცენტრატების, საქიშმიჭე, ფილოქსერაგამძლე საძირე, დეკორატიული).
საქართველოში 500-მდე ადგილობრივი ჯიშია. მათგან ყველაზე გავრცელებულია: საღვინე ჯიშებიდან - საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ჩინური, გორული მწვანე, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, წულუკიძის თეთრა, ოჯალეში. ჩხავერი, ალადასტური და სხვა; სუფრის ჯიშებიდან: გორულა, წითელი ბუდეშური, თითა, კლარჯული; ახალგამოყვანილი ჰიბრალდული ჯიშებიდან - ქართული საადრეო, ივერია, თბილისური, სახალხო თეთრი, ვარძია, მუსკატური რქაწითელი, კოლხური და სხვა. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული აგრეთვე შემოტანილი ჯიშები - ალიგოტე, პინო, შარდონე, კაბერნე, კიროვაბადული სუფრისა, შასლა თეთრი, ყარაბურნუ (ბულგარული), ხალილი. ფილოქსერაგამძლე ვაზის ჯიშებიდან - რიპარიაxრეპესტრის 3309, რიპარიაxრუპესტრის 3306, რიპარიაxრუპესტრის 101-14, ბერლანდიერიxრიპარია 420ა, ბერლანდიერიxრიპარია 5ბბ, შასლსxბერლანდიერი 41ბ, რეპესტრის დულო და სხვა. ყურადღება ექცევა ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების - ხიხვის, კრახუნას, ალადასტურის, უსახელოურის, ქისის, ოცხანური საფერეს, გრძელმტევანას, ჩხავერის და სხვების ფართოდ გავრცელებას. დიდი მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრაზე, სადაც გამოჰყავთ ვაზის ყინვაგამძლე, მავნებლებისა და დაავადებათა მიმართ იმუნური და სხვადასხვა სიმწიფის პერიოდის მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ვაზის ახალი ჯიშები.


18 дек. 2008 г.

მცხეთა-მეორე იერუსალიმი



ღვინობის თვეში 14 რიცხვისათვის, როცა შემოდგომა ყველაზე მეტად ოქროსფერია, მილეთის ხალხით არის სავსე საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა. აქ ყველაფერი თითქოს ისეა, როგორც ადრე, ისევ ერთვის ერთმანეთს მტკვარი და არაგვი, ისევ დაჰყურებს მცხეთას ჯვრის მონასტერი, ისევ მშვიდად დგას სვეტიცხოვლის ტაძარი. ამ დღეს აქ ყველაზე მეტი სანთელი ინთება, ათასი სავედრებელი წვდება უფალს, ისევე, როგორც ადრე, როცა ამ ადგილას ხის ეკლესიას ჩაეყარა საფუძველი და პირველად გაისმა ლოცვასავით: "საყდარო წმინდაო, სვეტო ნათლისაო, კვართო საღრმთოო."სვეტიცხოველი - ცალკე სამყარო ათასი საოცრებით, იდუმალებით, ფერთა თამაშით, სიწმინდე და მატიანე საქართველოს ქრისტიანობისა, მეხსიერება ქრისტიანი ერისა.
მცხეთა იბერიის სამეფოს ძველი დედაქალაქია. ჩვენს წელთაღრიცხვამდე I ათასწლეულში საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ორი სამეფო: იბერიისა - აღმოსავლეთ საქართველოში და კოლხეთის - დასავლეთში. სწორედ იბერიის სამეფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი მცხეთა რვა საუკუნის განმავლობაში. მცხეთა დიდ საქარავანო გზაჯვარედინზე მდენარეობდა. აქ მოდიოდნენ მეფეები, ელ
ჩები თუ ვაჭართა ქარავნები, მოგზაურები თუ მეისტორიენი. მცხეთის განუმეორებელი სილამაზე - ცაში აჭრილი ქართლის მთები, ვერცხლის სარტყელივით მბზინვარე მტკვარი, ზურმუხტისფერი ტალღებით მომქუხარე არაგვი და ორ მდინარეს შორის სამკუთხედად გაწოლილი მთაგორიანი ადგილი ხიბლავდა ბერძენ, რომაელ, არაბ თუ ჩინელ სტუმრებს, მტრებს თუ მოკეთეებს. მცხეთა ქრისტიანობამდეც ჩვენი ქვეყნის სულიერი ცენტრი იყო, აქ იდგა: არმაზის, ზადენის, გაცის, გაიმის, დანანას და აფროდიტეს კერპები. ამიტომ მცხეთა ძალზე მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით და არქეოლოგიური მონაპოვრებით. ქალაქისა და მისი რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს 200-ზე მეტი არქიტექტურული ძეგლი, რომელთა შორის ცენტრალური ადგილი უჭირავს მცხეთის საპატრიარქო ტაძარს - სვეტიცხოველს. სვეტიცხოველი - ქართული კულტურისა და ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ძეგლი გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი მხატვრულ-არქიტექტურული ღირსებით, დიდებულებით და ჰარმონიულობით, არამედ იმ განსაკუთრებული როლითაც, რომელიც მან ქართველი ერის ისტორიაში შეასრულა.
სვეტიცხოველი ფლობს ქრისტიანული სამყაროსათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და უდიდეს სიწმინდეს - ქრისტეს კვართს. ამ სიწმინდით ქართული ეკლესია ქრისტიანობის სათავეებს უკავშირდება. ტაძრის მშენებლობის პერიოდი დაემთხვა საქართველოს ისტორიის მეტად რთულ ეპოქას. პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა წარმატებებმა განაპირობეს ეროვნული, სულიერი კულტურის, მწერლობის, ფილოსოფიის, ხელოვნების, ოქრომჭედლობის და ხუროთმოძღვრების ფართოდ განვითარება. ხუროთმოძღვრებაში უმაღლეს საფეხურზე ადის ჯვარ-გუმბათოვან ტაძართა არქიტექტურა, რომლის ეროვნულ სტილს სათავეს უდებს მცხეთის ჯვარი. იგი მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მტკვრისა და არაგვის შესართავთან აღმართული მთის წვერზე. ტაძარი აგებულია იმ ადგილას, სადაც, გადმოცემის მიხედვით, წმინდა ნინომ ხის დიდი ჯვარი აღმართა, როგორც სიმბოლო ახალმიღებული სარწმუნოებისა. ამ ჯვარს თაყვანს სცემდნენ არა მარტო ქართველები, არამედ მთელი კავკასიის ქრისტიანები.
ქართლის პირველმა ერისმთავარმა, გუარამ დიდმა (545-586) წმინდა ნინოს მიერ აღმართული ჯვრის მახლობლად "დადვა საფუძველი პატიოსნისა ჯუარისაი", მცირე ეკლესიისა, რომელიც ჯვრის დიდი ტაძრის გვერდით დღემდე დგას.
მცხეთის ჯვართან ერთად აშენდა საქართველოს ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლები: ალავერდი, სამთავისი, სამთავრო, ნიკორწმინდა, მანგლისი, ბაგრატის ტაძარი, იშხანი და მრავალი სხვა. სვეტიცხოველს, ქართული არქიტექტურის ამ შედევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. სვეტიცხოველი, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენდა საქართველოს რელიგიურ ცენტრს, რადგან იგი იყო საპატრიარქო ტაძარი. სწორედ სვეტიცხოველში ხდებოდა საქართველოს მეფეთა და ეკლესიის მეთაურთა კურთხევა, ქართველ უფლისწულთა მონათვლა. აქ კრძალავდნენ ქართველ მეფეებს, დედოფალებს, ბატონიშვილებსა თუ კათალიკოს-პატრიარქებს. მტერთა შემოსევებისას აქ აფარებდა თავს მცხეთისა და მისი შემოგარენის მოსახლეობა.
სვეტიცხოვლის დღევანდელი ნაგებობა XI საუკუნისაა.
ცნობილია, რომ IVს.-ის დასაწყისში, აღმოსავლეთ საქართველოს სამეფომ ოფიციალურად მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება, რის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიაზე მის განსამტკიცებლად დაიწყო ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა. პირველი ქართული ეკლესია კი აიგო მტკვრისა და არაგვის შესართავთან, "წმინდა ჭალაში" ანუ სამეფო ბაღში. იგი აუგიათ პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის მითითებით. ეს ხის ნაგებობა მცირე ზომის ყოფილა.
VI ს.-ის მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს ქართულმა ეკლ
ესიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. მცხეთა უკვე ცხადდება საპატრიარქო რეზიდენციად. პატარა ხის ეკლესია უკვე აღარ შეესაბამებოდა ქრისტიანული რელიგიის როლსა და ავტორიტეტს, რის გამოც, ვახტანგ გორგასლის ბრძანებით, V ს.-ის ბოლოს მის ადგილას ააგეს დიდი ზომის სამნავიანი ქვის ბაზილიკა. ვახტანგ გორგასალს დაუწყია სვეტიცხოვლის მესამედ აშენება 499 წელს. XI ს.-ის დამდეგისათვის საჭირო გამხდარა მისი გადაკეთება.
გორგასლისეული სვეტიცხოვლის საფუძვლიანი მშენებლობა 1010 წელს გიორგი I-ის თაოსნობით და მელქისედეკ კათალიკოსის ლოცვა-კურთხევით დაიწყო. ტაძრის აგება დამთავრდა 1029 წელს. სარკინოზი აბულ-ყასიმი ეძგერა მას პირველად, შემუსრა და აქლემთა თავლად გადააქცია, იგი აღადგინეს, მაგრამ თემურ-ლენგმა დაანგრია ისევ, შაჰ-თამაზმა და შაჰ-აბასმაც მილეწეს მრავალგზის. თითქმის მთლიანად დანგრეული ტაძარი ალექსანდრე პირველმა განაახლა XV ს.-ში და ასე, უძველესი ჩუქურთმებით და მოხატულობით, მოაღწია ჩვენამდე.
სვეტიცხოვლის კედლებს შემოუნახავთ ევასტიათ ანტიოქელის ფრესკა, რომელზეც ჭარმაგი მღვდელ-მთავარი მეფე მირიანს სახარებას გადასცემს და აკურთხებს მცხეთის ტაძარს.
ცნობილია, რომ თემურ-ლენგმა რვაჯერ ილაშქრა საქართველოში. ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მან ააოხრა სვეტიცხოველი, "შეჰკადრა და ბილწითა ხელით ხელჰყო დარღვევად და მოოხრებად სვეტიცხოვლისა შინაგან და გარეთ", - გადმოგვცემს მემატიანე. ეს თავდასხმა მოხდა 1387 წელს, მისი მეორე შემოსევის დროს. მიუხედავად იმისა, რომ სვეტიცხოველს სხვა დროსაც არაერთი დამაქცევარი და შემმუსვრელი ჰყავდა, თემურ-ლენგის მიერ ამ ტაძრის აოხრება ყველაზე ბარბაროსულად ითვლება. მისმა ურდოებმა მარტო ტაძრის გალავანი კი არ მიანგრიეს, გაძარცვეს
ოქროთი მოპირკეთბული ემბაზი, სამალავებში დაცული განძეულობა და ბიბლიოთეკა და გადაწყვიტეს თვით ტაძრის დანგრევაც. ამ მიზნით თემურ-ლენგის ბრძანებით მოანგრიეს სვეტიცხოვლის ბურჯები, მაგრამ ტაძარი არ დანგრეულა, ჩამოიქცა მხოლოდ გუმბათი.
სვეტიცხოვლისადმი დიდი ზრუნვა გამოუჩენია ქართლის მაჰმადიან მეფეს - როსტომს (1632-1638). მას საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარებია დაზიანებული ტაძარისათვის, შეუკეთებია და აღუდგენია გუმბათიც.
ისტორიული წყაროები სვეტიცხოველს სიონად და მოციქულად მოიხსენიებენ. მცხეთაში აგებული ეკლესია - სვეტიცხოვლი - საქართველოსათვის წარმოადგენს "დედას ყოველთა ეკლესიათა" და იწოდება "დიდ სიონად," როგორც იერუსალიმში, სიონის მთაზე მდგარი ტაძარი. აგებული ტაძარი მოიხსენიება "წმინდათა წმინდად."
სვეტიცხოვლის დასავლეთ ფასადის დეკორი ტაძრის ყველაზე რელიეფური და მხატვრულად გაფორმებული ნაწილია, რომელიც თითქმის პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. ფასადის ამაღლებული ნაწილის ფართო დეკორატიული თაღი ნახევარსვეტებს ეყრდნობა. ცენტრალური სარკმლის გარშემო თავმოყრილია მდიდრული ორნამენტული, დეკორატიული მორთულობა. ჩუქურთმა მრავალფეროვანია, ოსტატურად შესრულებული. ვიწრო სიბრტყეებზე მარჯვნივ და მარცხნვ სიმეტრიულადაა გამოსახული დიდი ზომის დეკორატიული ვაზები. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ჩუქურთმის უმდიდრეს რეპერტუარში ვაზი ერთადერთი მცენარეა, რომელიც ინარჩუნებს ინდივიდუალობას. ვაზი ჩვენში კულტად ქცეული მცენარე იყო, ამიტომ ტაძრების დეკორში მისი გამოსახულება საკმაოდ ხშირად ვლინდება. ცენტრში წარმოდგენილია საყდარზე მჯდომი მაცხოვარი (მარჯვენა ხელით აკურთხებს, ხოლო მარცხენა ხელში სახარება უჭირავს). ქრისტეს ორივე მხარეს ანგელოზების ფიგურებია, ერთს სურა უპყრია ხელთ, მეორეს კი - პური ანუ სეფისკვერი. სვეტიცხოვლის ყველა ფასადზე შეინიშნება სამშენებლო ქვის სიჭრელე, რაც ამშვენებს ტაძარს. ფერთა ასეთმა ჰარმონიამ დიდ ქართველ მწერალს, კონსტანტინე გამსახურდიას ათქმევინა: "ამ ტაძრისათვის თვალის შევლება ყოველ დროში სანუკვარია, დილით ხვლიკისფერია იგი, მოუღალავი მზით გაშუქებული, შეღამებისას ოქროცურვილია, ხოლო მწუხრის შემოდგომისას, თუ ვარსკვლავიანმა ცამაც დაადგა თვალი, ცას მიეჭრება ხოლმე მისი მრუდე ჰარმონიით აღვსილი ხაზების ზესწრაფვა."
სამხრეთ ფასადის დასავლეთ მხარეს საინტერესო კომპოზიციაა შემორჩენილი, რომელიც ასე იკითხება: ვაზი - წმინდა მცენარე საქართველოში; წმ. გიორგი კლავს ურჩხულს; ორი მტრედი ერთი ჭურჭლიდან იღებს სულიერ საზრდოს. აქვეა გამოსახული ექვსფრთიანი ანგელოზი და ქრისტეს ჯვარცმა. ცენტრალური თაღის შიგნით სამი ფანჯარაა. თითოეული მათგანი შემკულია მშვენიერი ჩუქურთმით, აქაც მოჩანს ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი -ჩუქურთმის მრავალფეროვნება. ყურადღებას იქცევს აგრეთვე ქვედა მარჯვენა სარკმლის ირგვლივ "სვასტიკის" ნიშანი. ორნამენტი "სვასტიკა" უძველესი დროიდანაა ცნობილი საქართველოში, როგორც მარადიული ცეცხლისა და მარადიული მზის სიმბოლო.
აღმოსავლეთის ფასადი გამოირჩევა ჩუქურთმების მრავალფეროვნებით და მაღალხარისხიანობით. ფასადის დეკორატიულ-თაღოვან სისტემაში, ჩართულია მაღალი სამკუთხა ნიშნები, რომლებიც ხაზს უსვამენ საკურთხევლის კედლის სამ ნაწილად დაყოფას. განსაკუთრებით დამშვენებულია ცენტრალურ თაღს შიგნით მოქცეული არე, მის ზედა ნაწილში მარაოსებრ გაშლილი 12 სხივია მედალიონებით დამთავრებული - ქრისტეს 12 მოციქულის სიმბოლო, რომელთა სახელზედაც აიგო სვეტიცხოველი. მედალიონებზე ამოკვეთილია წარწერა: "ადიდენ ესე წმინდაი ეკლესია, ხელითა გლახაკისა მონითასა არსუკიძისაითა. ღმერთმან განუსვენე სულსა მისსა." ამ წარწერიდან ვიგებთ, რომ ტაძრის მშენებლობის დასრულებისას არსუკიძე უკვე გარდაცვლილი ყოფილა, რადგან მისი სულისათვის განსვენებას თხოულობენ.
ტაძრის დეკორატიულ ელემენტებს ხშირად სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა. ხარის თავების გამოსახულება ამ ფასადზე V ს.-ის სკულპტურული ნაწარმოებია. ხარი უძველესი დროიდანვე წმინდა ცხოველად, მიწათმოქმედების სიმბოლოდ ითვლებოდა. ნაყოფიერების სიმბოლო უნდა იყოს ფასადის ზედა ნაწილში გამოსახული ვაზის მტევნები. რაც შეეხება დანარჩენ რელიეფურ ქანდაკებებს (ორი ანგელოზი მთავარ სარკმელთან, ლომი და არწივი), ერთი მთლიანი კომპოზიციის ნაწილებს უნდა წარმოადგენდნენ. რაც შეეხება ქვედა ნაწილში არსებულ რელიეფურ სახეებს, აქ გამოსახულნი არიან ღვთისმშობელი, ქრისტე და იოანე ნათლისმცემელი. გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში კი მდებარეობს ქვის ორსართულიანი შენობა, რომელიც ადრე წარმოადგენდა XVIIIს-ის ქართველი კათალიკოს-პატრიარქის ანტონ I-ის რეზიდენციას.
ჩრდილოეთ ფასადი ორნამენტულ-ჩუქურთმიანი სამკაულით ნაკლებადაა დამშვენებული. აქ გამოყენებულია დეკორატიული თაღების სისტემა, რომელთაგან ცენტრალური თაღი ამაღლებულია და ამით იგი ხაზს უსვამს ტაძრის სიმაღლეს. (აღსანიშნავია, რომ სვეტიცხოველი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტაძარია საქართველოში.)
ფასადის ზედა ნაწილში გამოსახულია ჯვარი, მის მარჯვნივ - ქრისტე, ხოლო მარცხნივ ამოკვეთილია წარწერა: "იესო ქრისტე, ადიდე მელქისედეკ."
ფასადის ძირში შემორჩენილია ოდესღაც არსებული ნანგრევები, რომლებიც სამლოცველო-განსასვენებლებს წარმოადგენდნენ (მოარღვიეს XIX ს.-ის I ნახევარში რუსული საეკლესიო ხელისუფლების განკარგულებით. მათი მოშლით სვეტიცხოველს ერთი საფეხური დააკლადა და ფასადმა პირვანდელი სახე დაკარგა).
ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე გამოსახულია "მარჯვენა" ასეთი წარწერით: "ხელი მონისა არსუკიძისაი, შეუნდეთ." როგორც ჩანს, ეს მარჯვენა გამოსახეს იმ მიზნით, რომ განედიდებინათ იმ დიდოსტატის უკვდავი ღვაწლი, რომლის ქმნილებამაც ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიო არქიტექტურის გენიალურ ქმნილებათა შორის და რომელიც მშენებლის მიერ უფლისათვის გაწეული ღვაწლის სიმბოლოდ უნდა ჩაითვალოს. სწორედ ხუროთმოძღვარ არსუკისძის უკვდავებას მიუძღვნა კ. გამსახურდიამ ისტორიული რომანი "დიდოსტატის მარჯვენა," რომელშიც გამოყენებულია უძველესი ლეგენდა მკლავის მოკვეთის შესახებ.
რაც შეეხება ტაძრის გალავანს, იგი XVIIIს.-ში აღუდგენიათ ერეკლე II-ის ბრძანებით, რომლის დროსაც აუცილებელი გამხდარა ტაძრისათვის გალავნის შემოვლება, რადგან მცხეთის ირგვლივ მდგარი ციხეები მტერთა ურიცხვი შემოსევების შედეგად დანგრეულა და საჭირო შემთხვევაში თავის მოვალეობას ვეღარ ასრულებდნენ. ამავე დროს, მეტად გახშირებული ყოფილა ლეკთა თარეში და მოსახლეობის თავშესაფრად სწორედ ასეთი დამცველი ნაგებობები ასრულებდნენ დიდ როლს. გალავნის კუთხეში გათხრების შედეგად აღმოჩენილია ნანგრევები. ფიქრობენ, რომ ეს უნდა იყოს XIს.-ის დროინდელი ნაგებობის - მელქისედეკ კათალიკოსის სასახლის ნაშთები.
ტაძარს ერთი ძირითადი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან. ფრესკა კარიბჭის თავზე XIX ს-ისაა. ამ ფრესკაზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, რომლის მარჯვნივ და მარცხნივ მთავარანგელოზები (მიქაელი და გაბრიელი) არიან გამოსახულნი. ტაძარში შესვლისთანავე ჩვენს თვალწინ გადაიშლება სივრცე. მძლავრი თაღები მზერას აღმოსავლეთისაკენ, საკურთხევლისაკენ წარმართავენ. სინათლეც თანდათან მატულობს ცენტრისკენ, სადაც ზეატყორცნილი გუმბათის ყელის ფანჯრებიდან უხვად იღვრება მზის სხივები. შესასვლელშივე, მარჯვნივ ქვის სანათლავი ემბაზია. არსებობს მოსაზრება, რომ იგი ქართლის მოქცევის დროინდელი ე.ი. IVს-ისა უნდა იყოს. ემბაზი იმ პერიოდში ეკლ
ესიის ეზოში უნდა მდგარიყო. სწორედ ამ ემბაზში ინათლებოდნენ ქართველი უფლისწულები. გადმოცემის მიხედვით, ამ ემბაზში მოინათლა პირველი ქრისტიანი მეფე - მირიანი და მისი მეუღლე - ნანა. ემბაზი ადრე მოოქროვილი ყოფილა.
სვეტიცხოველს გააჩნია სამალავები ტაძრის ზედა ნაწილში. ქვემოდან მოჩანს სამალავებში ერთ-ერთი საიდუმლო შესასვლელი, სადაც საფრთხის შემთხვევაში, თოკის კიბით ადიოდნენ, რის შემდეგაც ხატით ფარავდნენ ღრმულს. აღმოსავლეთის მხრიდან საკურთხევლის მარცხენა მხარეს სამალავებში არის სხვა შესასვლელიც საიდუმლო ქვის კიბეებით, რომელსაც გუმბათზე ავყავართ. სვეტიცხოველს მრავლად სწირავდნენ ვერცხლსა და სხვა ძვირფასეულობას, როგორც მეფეები და კათალიკოსები, აგრეთვე რიგითი მორწმუნეებიც.
ჯერ კ
იდევ IVს-ში მირიან მეფემ ტაძრის ასაგებად დათმო თავისი სამეფო ბაღი, ხოლო ქუჯიმ წმინდა ნინოსაგან ქრისტიანობის მიღების შემდეგ სვეტიცხოველს შესწირა სოფელი ბოდბე.
სამხრეთის კედელზე მიშენებულია მინიატურული ეკლესია. ეს პატარა ეკლესია წარმოადგენს იერუსალიმში, გოლგოთას მთაზე, ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე, იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით IV ს-ში აშენებული ეკლესიის არაზუსტ ასლს. იგი აუგიათ იმ ადგილობრივი მორწმუნეთათვის, რომელთაც არ ჰქონდათ საშუალება იერუსალიმში ენახათ ქრისტეს წამების ადგილი. ეკლესია სვეტიცხოველში ააგეს იმიტომ, რომ ქალაქ მცხეთას ეძახდნენ "მეორე იერუსალიმს."
როგორც "ქართლის ცხოვრება" და "მოქცევაი ქართლისაი" გადმოგვცემს, ელიოზი და სხვა ქართველი ებრაელები იერუსალიმში მოწმე გამხდარან იესო ქრისტეს მოკვდინებისა და ამის შემდგ მისი კვართით დაბრუნებულან მცხეთაში. ელიოზს წინ შეგებებია ერთადერთი და - სიდონია, რომელსაც გულში ჩაუკრავს კვართი და იქვე განუტევებია სული. ამის შემდეგ მეფემ, მთავრებმა და ხალხმა თავი მოიყარა ელიოზის სახლში. მეფეს სურდა, მიცვალებულისთვის გამოერთმია მკერდზე მიხუტებული კვართი, მაგრმ ვერ შეძლო და ამიტომ ელიოზმა თავისი და ქრისტეს კვართით ხელში დაკრძალა სამეფო ბაღში. სიდონიას საფლავზე ამოვიდა ლიბანის კედარი. IV ს.-ში, ქრისტიანობის მიღების შემდეგ, მირიან მეფის ბრძანებით, ეს ხე მოჭრეს, რათა სიდონიას საფლავზე აეგოთ ქრისტიანული ეკლესია. მისგან 7 სვეტი დაამზადეს. დაიწყო მშენებლობა. 6 სვეტი აღმა
რთეს კიდეც, მაგრამ მეშვიდე სვეტის ადგილიდან დაძვრა და აღმართვა ვერაფრით შეძლეს. წმინდა ნინომ მთელი ღამე ილოცა სვეტთან მოწაფეებითურთ. ლოცვის შემდეგ მოხდა სასწაული, სვეტი თავისით აღიმართა და მისგან დენა დაიწყო მირონმა, რომელიც "მსწრაფლ კურნავდა სნეულთ". ამის შემდეგ სვეტს ეწოდა "სვეტი ცხოველი" სვეტი სიცოცხლის მომნიჭებელი. აქედან წარმოსდგა თვით ტაძრის სახელიც.
საკურთხევლის აფსიდის ფრესკა ქრისტეს გამოსახულებით თავდაპირველად XI ს-ში ყოფილა შესრულებული, ზედა რეგისტრში გამოსახულია ანგელოზები, ცენრალურ ნაწილში - იესო ქრისტე, გარშემორტყმული ცეცხლოვან ბორბლებზე მჯდომი სერაფიმებით და ქერუბიმებით, ხოლო ქვედა რეგისტრი დათმობილი აქვს ღვთისმშობლის, ქრისტეს მოციქულებისა და იოანე ნათლისმცემლის გამოსახულებებს. კედლებზე გამოსახულნი არიან მთავარანგელოზები - მიქაელი და გაბრიელი. საკურთხევლის კარნიზზე ასომთავრული წარწერაა: "მოსავთა შენთა დამამტკიცებელო ქრისტე ღმერთო, დაამტკიცე ეკლესიაი შენი, რომელი მოიყიდე სისხლითა შენით წმიდითა." ცენტრალური ნავის ჩრდილოეთ მხარეს XVს.-ისა ფრესკაა, თაღის ზემოთ მოცემულია "ხარებისა" და "სულიწმიდით ჩასახვის" სცენები. ცენტრალური ნავის ჩრდილოეთ მხარეს ორი სვეტის შემაერთებელ თაღზე, რომელიც ორ რეგისტრად იყოფა, მედალიონებში გამოსახულნი არიან ისინი, ვინც ეწამა ქრისტიანობისთვის IVს-ის დასაწყისში რომის იმპერატორების - დიოკლეტიანესა და მაქსიმილიანების ბრძანებით.
ჩრდილო-დასავლეთის სვეტის შიდა მხარეზე მოთავსებულია მამაკაცის ფიგურა ცხოველის თავით. ესაა დიდმოწამე ქრისტეფორე, რომელიც III ს-ში ეწამა ქრისტიანობისათვის.
ჩრდილოეთის ორი სვეტის შემაერთებელი წრიული თაღის ზემოთ დარჩენილ სამკუთხედში ერთმანეთის მოპირდაპირედ ორი გამოსახულებაა: ებრაელთა ბიბლიური მეფეები - დავით წინასწარმეტყველი და სოლომონ ბრძენი. ჩრდილოეთის თაღის დასავლეთ სვეტის მოხატულობა ოთხ იარუსადაა დაყოფილი: 1. ქრისტეს ქადაგება იერუსალიმში, მწიგნობარნი და ფარისეველნი. 2. ქრისტე აღადგენს განრღვეულს. 3. სიმბოლური სცენა, რომელსაც, პირობითად, შეიძლება ეწოდოს "ხილული თვალი." 4. ჯვართამაღლების სცენა, რომაელი ქრისტიანი იმპერატორის, კონსტანტინესი და მისი დედის, ელენეს გამოსახულებით.
სვეტიცხოვლის ცენტრალურ ნაწილში, სამხრეთით, დგას თაღოვანი ნაგებობა, რომლის ქვეშ, ისტორიული წყაროების მიხედვით, ქრისტეს კვართია დაკრძალული. ამ ნაგებობაზე, რომელიც XVII ს.-ისაა, ასომთავრული წარწერაა გაკეთებული: "ქრისტე შენისა დიდებისათვის ბრძანებითა ნიკოლოზ კათალიკოსისათა მოვხატე მე, ფრიად ცოდვილმან გულჯავრიშვილმან გრიგოლ სვეტი ესე. ვინც შენდობა ბრძანოთ, თქვენც მოგეტევნოთ ცოდვანი." მოხატულობა წარმოადგენს სცენებს ბიბლიიდან და ქართლის გაქრისტიანებიდან. სამხრეთ კედლის ფრესკა XVIIს-ით თარიღდება. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია ზოდიაქოს ნიშნებიანი კალენდარი. სვეტიცხოველი ერთადერთი ტაძარია საქართველოში, რომელშიც გვხვდება ასეთი კალენდრის გამოსახულება. გარშემო მოხატულია სცენე
ბი დავითის ფსალმუნიდან: "ყოველი სული აქებდით უფალსა." (აქედან ერთ-ერთი სცენა, რომელშიც მოცემულია უფლის დიდება როკვით, გამოყენებულ იქნა თანამედროვე ცეკვა "სამაიას" შექმნისათვის.) პატრიარქის საბრძანისი ამჟამად არ გამოიყენება. დღესდღეობით, კათედრას წარმოადგენს ტაძრის ინტერიერის ცენტრში მოთავსებული სავარძელი. აღარ გამოიყენება აგრეთვე აივნები აღმოსავლეთ-დასავლეთ ნაწილში, რომელიც, როგორც ფიქრობენ, მგალობელთა გუნდისთვის იყო განკუთვნილი. გუმბათის ფრესკა XVII საუკუნისაა. ცენტრში გამოსახულია იესო ქრისტე, რომლის გარშემოც ბერძნული წარწერაა. მარცხნივ კი არის ფრესკა მარიამის გამოსახულებით, რომელიც დგას თავის მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. ფრესკის წინ თვით მარიამ დედოფალია დაკრძალული.
სვეტის ქვემოთ, V ს.-ის ვახტანგ გორგასლისეული სვეტიცხოვლის ნაშთებია, რომელიც აღმოჩენილ იქნა აღდგენითი სამუშაოების დროს და მიუთითებს იმაზე, რომ V ს.-ის ეკლესიის იატაკი უფრო დაბალი იყო. სვეტიცხოველი წარმოადგენდა ქართველ მეფეთა განსასვენებელს. ისტორიული წყაროების მიხედვით ტაძარში დაკრძალული უნდა იყოს ათზე მეტი ქართველი მეფე: დავით ულუ, დემეტრე თავდადებული, გიორგი ბრწყინვალე, სიმონ პირველი და სხვა, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ რამდენიმე საფლავმა მოაღწია. ვახტანგ გორგასალი მეფობდა V ს.-ის II ნახევარში. მან შექმნა ქართლის ერთიანი, ცენტრალიზებული სახელმწიფო, აღკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა, ბიზანტიელთა და ირანელთა თარეში, ბრძოლა გამოუცხადა სპარსულ, მაზდეანურ სარწმუნოებას. მისი მეფობის პერიოდში ქართულმა ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან. ირანელებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს ვახტანგ გორგასალი სასიკვდილოდ დაჭრეს. იგი გარდაიცვალა 502 წელს და დაკრძალეს მის მიერვე აგებულ სვეტიცხოვლის ტაძარში.
აქვეა დაკრძალული მეფე ერეკლე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში მეფობდა XVIII ს.-ის II ნახევარში. იგი დაიბადა ქალაქ თელავში. ერეკლემ და მისმა მამამ, თეიმურაზ მეორემ უკვე XVIII ს-ის შუახანებში შეძლეს ქართლ-კახეთის სამეფოს გათავისუფლება ირანის ვასალური დამოკიდებულებისაგან. დიდი სიყვარულისა და პატივისცემის გამოსახტავად, ხალხმა მას "პატარა კახი" შეარქვა. იგი გარდაიცვალა თელავში 1798 წელს და ქართველმა ხალხმა დიდი პატივით დაკრძალა იგი სვეტიცხოველში.
აქვე განისვენებს ერეკლეს უფროსი ვაჟი, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII, რომელიც სულ ორი წლის განმავლობაში მეფობდა. იგი გარდაიცვალა 1800 წლის დეკემბერში.დანარჩენი საფლავები წარმოადგენს ქართველ მეფეთა ახლო ნათესავების განსასვენებელს.
ტაძარს, უკანასკნელად საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარდა XXს-ის 60-იან წლებში. აღადგინეს ტაძრის ეზოში შესასვლელი ცენტრალური კარიბჭე, ე.წ. "მელქისედეკის ჭიშკარი." გალავნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აღმოაჩინეს მელქისედეკის სასახლის ნაშთები, ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებთან - მონგრეული მინაშენების ნაშთები; გამოცვალეს ტაძრის იატაკი და მეფეთა საფლავების ფილები, იპოვეს IV და V საუკუნეების ეკლესიათა ნაშთები, აღმოაჩინეს XI ს-ის ნატიფი ბურჯები და თაღები. 2000-2001 წლებში სვეტიცხოვლის ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდა ანტიკური პერიოდის აკლდამა, სადაც არქეოლოგებმა ნახეს ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, რკინის, მინის და სხვა მინერალებისგან დამზადებული ნივთები.
ამათ გარდა, სვეტიცხოველში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ბევრი რამ შეიძლება აღმოჩნდეს, ასე რომ, სვეტიცხოველი კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს.
"არ არის საქართველოში სიწმინდე, რომელიც გაუტოლდება სვეტიცხოველს სიძველით, სიდიადით, ისტორიული მოგონებებით და ღვთიური განგებულებით."
"მრავალი ღირსშესანიშნავი სიწმინდეა საქართველოში, მაგრამ სვეტიცხოველს ყოველი ქართველისათვის, განსაკუთრებულად მიმზიდველი, ცხოველმყოფელი ძალა აქვს. ეს იმიტომ, რომ სვეტიცხოველთან ერთად IVს-ში იშვა ქართველი ხალხის ახალი ქრისტიანული ცხოვრება."
და ბოლოს, ალბათ საოცარი მადლი უნდა გფარავდეს, რომ დროს აჯობო, მიწისძვრებს გაუძლო, მტერს ათასჯერ გაუმკლავდე და იდგე მდუმარედ, ამაყად. გქონდეს უამრავი სათქმელი, დიდი წარსული, არ გელეოდეს მრევლი და შენს კედლებში პოულობდნენ შვებას გაჭირვებულნი. რამდენი ლეგენდა და სასწაული შემოინახა დრომ თორმეტი მოციქულის სახელზე აგებულ სვეტიცხოვლის ტაძარზე, რომელსაც იმთავითვე სასწაულმოქმედის სახელი ჰქონდა დამკვიდრებული: "სნეულნი მოვიდეს და განიკურნებოდეს, ვიდრემდის მეფემან შეუქმნას საბურველი ძელისა გარემოს სვეტისა მას და დაფარა სევდისაგან."

22 окт. 2008 г.


ერთი ლექსის ისტორია

(ჩანახატი)

წინანდალი...
სახლი-სასახლე, ჯადოსნური პარკი...
ნოემბერია, მაგრამ ჯერ კიდევ მწვანე.გიგანტი ხეების მომაჯადოებელი სამეფო. ალაგ-ალაგ შერევია სიყვითლე ხეივნებს. აკაცია, მაგნოლიები, მიმოზები,…… საუკონოვანი ცაცხვი უზარმაზარი ფუღუროთი, ზღაპრული მწვანე მასივი. მხოლოდ დროდადრო თუ დაუბერავს სიო და ხეებს წყდება გამხმარი ფოთლები, ნარნარით ცვივა და ეკონება მიწას, და მსუბუქი ყვითელი შეაქეთ ამ გრანდიოზულ სიმწვანეში.სამრეკლოდან, სადაც ნინო ჭავჭავაძე გრიბოედოვზე დაინიშნა, თვალწინ იშლება ალაზნის ხეობა. ირგვლივ სიჩუმეა, მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი ისმის.
დაღამდა… . . .
ღია ფანჯრებიდან ისმის მუსიკის ჰანგები. პატარა ფრანგული პიანინო, რომელიც ოდესღაც გრიბოედოვმა აჩუქა ნინოს, დგას სასტუმრო ოთახის ფანჯარასთან.
მრგვალ მაგიდასთან სტუმრები სხდებიან, ისმის სადღეგრძელოები და ბროლის ჭიქების წკრიალი.
ვიღაც შემოდის. ეს ნიკოლოზ ბარათაშვილია. ის სულ ყმაწვილია, მეოცნებე, ოდნავ მოიკოჭლებს.
ნინო ჯდება პიანინოსთან. გვერდით დგას ეკატერინე. ბარათაშვილი არ აცილებს მას თვალს. დები მღერიან სიმღერას ,,ბულბული და ვარდი." ლექსი დაწერა ალექსანდრე ოდოევსკიმ, ქართულად კი თარგმნა ა. ჭავჭავაძემ. სასტუმრო ოთახის შუაგულში სხედან ოდოევსკი და ლერმონტოვი. დები სთხოვენ ბარათაშვილს, წაიკითხოს ,,ბულბული და ვარდის" მისეული ვარიანტი. ის კითხულობს ლექსს, ნინო კი უთარგმნის რუს სტუმრებს.
აი განათდა ა. ჭავჭავაძის კაბინეტი. ალექსანდრემ იქ შეიპატიჟა სტუმრები, ოდოევსკი და ლერმონტოვი. ისინი შემოუსხდნენ მასპინძლის საწერ მაგიდას. ჭავჭავაძე უჩვენებს თარგმნილ წიგნებს. შემდეგ რვეულიდან უკითხავს თავის ლექსებს და იქვე უთარგმნის. საუბრობენ. თემა თემას ცვლის.……
კაბინეტში შუქი ქრება. ისინი ბრუნდებიან სასტუმრო ოთახში. იქ დგას ნინო, გამოწვდილ ხელებზე ხანჯალი უდევს. ის ლერმონტოვს აწვდის ხანჯალს. ნიშნად იმისა, რომ ის სულით მტკიცე იყოს, როგორც ჭეშმარიტ პოეტს შეეფერება.
- სტუმრისთვის გამოყოფილ ოთახში ლერმონტოვი რაღაცას წერს ჩქარა, თავაუწევლად. როგორც კი ამთავრებს, ჩუმად გამოდის თავისი ოთახიდან, და ფთხილად აკაკუნებს ბარათაშვილის ოთახის კარზე. მას ჯერ არ ძინავს და შეიპატიჟებს სტუმარს. ლერმონტოვი უკითხავს მას წუთის წინ დაწერილ ლექსს:
ხანჯალი

ჩემო ხანჯალო, ჯავარდნისავ, მიყვარხარ მეტად.
ცივო, ელვარე ამხანაგო, შენ უმკვეთრესი
შურისგებისთვის ფიქრიანმა ქართველმა გჭედა,
სასტიკ ბრძოლისთვის შენ გლესავდა ლაღი ჩერქეზი.

უნაზეს ხელით მომრთმევი ხარ შენ სახსოვარად,
და სულ პირველად, იმ წუთში განშორებისა,
სისხლის მაგიერ დაგჩენოდა სიბრტყეზე ცვარად
ცრემლი ნათელი_მარგალიტი მწუხარებისა,

და ის თვალები, იდუმალი კაეშნით სავსე
შავი თვალები, დაშტერებით მომჩერებოდნენ,
და, ვით ლაპლაპი მაგ ფოლადის მთრთოლვარე ალზე
ხან ბინდდებოდნენ, ხანაც ისევ გაბრწყინდებოდნენ.

შენ თან დამყვები სიყვარულის მუნჯ საწინდარად,
და მე ღარიბი შენში ვხედავ ძვირფას მაგალითს;
დიახ; უცვლელი, სულით მძლავრი ვიქნები მარად,
ძმაო რკინისავ, შენებრ მტკიცე, შენებრ მაგარი.

1837 წ.

აი, ასეთია ამ ლექსის შექმნის ისტორია.
იმ დროის მოწინავე ადამიანებისთვის ხანჯალს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, (მას პუშკინმა განსაკუთრებული დატვირთვა მიანიჭა ლექსით). ლექსი "ხანჯალი" დეკაბრისტების აჯანყების წინ ხელიდან ხელში გადადიოდა, როგორც პროკლამაცია.
ნინო ჭავჭავაძე სათუთად ინახავდა გრიბოედოვის ხანჯლების კოლექციას. ერთ-ერთი მათგანი (ლერმონტოვამდე) მან აჩუქა თავის მეუღლის მეგობარს ალექსანდრე ოდოევსკის